Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები მოითხოვენ უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ვანო მერაბიშვილის მკურნალობაში


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე მოითხოვს, მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოყვანონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მიზეზით განუვითარდა მას ჰორნერის სინდრომი და ჩაერთვებიან მკურნალობაში. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას. 4 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბიდან“ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში დააბრუნეს. წინა დღით, კლინიკაში ჩატარდა კონსილიუმი, რომელშიც ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული ექიმებიც მონაწილეობდნენ. კონსილიუმმა დაადგინა, რომ მერაბიშვილს მართლაც აღენიშნება ჰორნერის სინდრომი, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს და 2014 წლის თებერვალში ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს რამდენიმე ბრალდების, მათ შორის ამომრჩევლების მოსყიდვაში ბრალდების საფუძველზე. 2016 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სხვა პირებთან ერთად, დეპუტატ ვალერი გელეშვილზე 2005 წლის 14 ივლისს მომხდარი თავდასხმის დაგეგვისა და ორგანიზებისათვის.

XS
SM
MD
LG