Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლის ამომრჩეველს შეხვდა


„რუსეთთან საუბარი არასოდეს იქნება შედეგიანი, თუ ეს იქნება ერთი-ერთზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, გორის თეატრში გამართულ შეხვედრაზე. 12 ოქტომბერს ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავდა შიდა ქართლში.

„ჩვენ მარტო არ შეიძლება, რომ დავრჩეთ და ვინც ავრცელებს ქვეყნის ასეთ დისკრედიტაციას, ის ხელს უწყობს იმას რომ დავრჩეთ მარტო. ჩვენი შიდა დაპირისპირება არის დასუსტება, ჩვენი ორად გახლეჩვა. ჩემი მთავარი მიზანი იქნება, რომ გავაერთიანო ეს ქვეყანა, რაც არ უნდა რთული იყოს.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამომრჩეველთან შეხვედრის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილმა იმ კითხვებს დაუთმო, რომლებიც ოპონენტების მიმართ აქვს. ეს კითხვებიც ძირითადად აგვისტოს ომს შეეხებოდა. „რატომ არ იზრუნა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხალხის ევაკუაციაზე? რატომ მიატოვეს რეზერვისტები? რატომ ვერ გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან დაჭრილები და დაღუპულები? რატომ დაგვიანდა რუსეთის აგრესორად გამოცხადება?“

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

გორში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა აქციის ფონზე გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თეატრის სკვერში ტრანსპარანტები მიიტანეს და ზურაბიშვილი ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს. აქციის დროს შეკამათება მოხდა ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. კამათის თემა იყო - ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი? პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორის თეატრში უკანა შესასვლელიდან შევიდა. შეხვედრას თეატრის შენობის მთავარი შესასვლელიდან დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG