Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ კენტი: "საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, ჯორჯ კენტი 13 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო თბილისში. ჯორჯ კენტმა განაცხადა: "დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით; ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება: "შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში", - განაცხადა ჯორჯ კენტმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზე აშშ-ის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მის მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.

XS
SM
MD
LG