Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ამერიკელი პასტორი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა

ევანგელიკური ეკლესიის ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში ჰყავდათ დაკავებული ორი წლის განმავლობაში, 13 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნდა. თურქეთის სასამართლომ ის გაათავისუფლა მიუხედავად განაჩენისა. პასტორს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით. ბრანსონის თვითმფრინავი ვაშინგტონის მახლობლად, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, იტყობინება ტონი პერკინსი, ოჯახის კვლევის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც პასტორთან და მის მეუღლე ნორინთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა. ბრანსონი 13 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა მანამდე ცნობა, რომ შესანიშნავია ბრანსონის ნახვა და მასთან შეხვედრა. ტრამპი წერს, რომ ბრანსონი „დიდი ქრისტიანია, რომელმაც მძიმე გამოცდილება ხვდა წილად“. თურქეთის სასამართლომ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრანსონი, რომელიც ანკარასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური უთანხმოების ცენტრში მოექცა, მეტ დროს არ დაყოფს პატიმრობაში, რადგან მან უკვე მოიხადა სასჯელი. 50 წლის ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას 35 წლით ემუქრებოდა პატიმრობა, თუ დამნაშავედ სცნობდნენ ტერორიზმსა და ჯაშუშობაში. მას ბრალად წაუყენეს კავშირების ქონა ქურთ ექსტრემისტებთან და აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის მხარდამჭერებთან. გიულენს ანკარა 2016 წელს გადატრიალების მცდელობის მოწყობაში სდებს ბრალს. ენდრიუ ბრანსონი უკვე ორ ათწლეულზე მეტია თურქეთში ცხოვრობს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს. ვაშინგტონის შეფასებით, ის უსამართლოდ დააკავეს იმ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ტალღის ფარგლებში, რომელიც მოჰყვა შეუმდგარ გადატრიალებას.

XS
SM
MD
LG