ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს მიიჩნევს იმის დასტურად, რასაც ბოლო ათი თვეა ამტკიცებს. ზაზა სარალიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს მკვლელებს, ამიტომ ხელისუფლებაც დამნაშავეა და უნდა გადადგეს. „აქციები გრძელდება და იმედია, საზოგადოება გვერდით დაგვიდგება" - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისივე თქმით, ყოველთვის ამბობდა, რომ მირზა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდა და ამით აშანტაჟებდა.
„რუსთავი 2“-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში საუბრობენ მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ჩანაწერებს ახენებს: „ვინ არი ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია.“ ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ თავის დაზღვევის მიზნით აქვს ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს. „რუსთავი 2“-ით გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ასევე, ამბობს, რომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე მართავს და ახსენებს 50 "ავტომატჩიკს," რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ გახმაურებული საქმეების გახსნაზე. ამავე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდიაზეც და ამბობს, რომ მას იმიტომ არ აპატიმრებენ, რომ „ძირი საქმე დაენგრევათ.“
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ხორავას ქუჩის“ საქმეზეა დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.