აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კავშირი აქვს მკვლელობებთან. ტელეკომპანია CBS-ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ პუტინს კავშირი აქვს მკვლელობებსა და მოწამვლასთან, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ალბათ აქვს.“ 2018 წლის აგვისტოში აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა რუსული სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება.
CBS-თან ინტერვიუში ტრამპმა არ გამოირცხა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის და ჩინეთის ჩარევის შესაძლებლობაც, თუმცა, დასძინა, რომ პეკინის გავლენა უფრო სერიოზული პრობლემაა. შეკითხვას, რატომ არასდროს იყენებს მკაცრ ტონს ვლადიმირ პუტინზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინთან ურთიერთობისას სიხისტეს იჩენს. ტრამპის თქმით, ჰელსინკიში მათი შეხვედრა იყო ხისტი და ძალიან კარგი.