Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სუბელიანის ჩანაწერის" შესახებ "ქართულ ოცნებაში" გამოძიების შედეგს ელოდებიან


მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პროკურატურას მიმართავენ, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის საქმე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე გამოძიების შედეგებს ელოდება და დარწმუნებულია, რომ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებენ. „ამ საკითხზე ალბათ, ბევრი კითხვა დაისმება. მათ შორის ისიც, ხომ არ არის ჩანაწერი სპეციალურად გაკეთებული. შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება - არა. მე ვერც ერთს ვერ დავამტკიცებ. გამოსავალი იქნება ის, რომ გამოძიებამ დეტალურად გასცეს ამ კითხვებს პასუხები. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ ეს საქმე, ყველანაირ რაკურსში. უამრავჯერ უკვე დადგმულია სპექტაკლები და რეალურად, საზოგადოებაში ამით ცდილობენ შექმნან ქაოსი. არ ვიცი, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს საქმეზე უნდა დადგეს გამოძიების შედეგები", - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო კილაძემ.

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიმართ ნდობა არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი სესიაშვილს. „რუსთავი 2“-მა შეგვაჩვია რა საარჩევნოდ ფაბრიკაციებს, მის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მიმართ ნდობა ვერ მექნება. საჭიროა ყველაფერს პასუხი გამოძიებამ გასცეს“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით,„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის მიუღებელია მეთოდები, რაც ჩანაწერებში ისმის და ვერ წარმოუდგენია ის, რაზეც ამ ჩანაწერებშია საუბარი. სესიაშვილმა „რუსთავი 2“-ს უწოდა პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მედიასაშუალება და უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა მისი საცხოვრებელი სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ირაკლი სესიაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-მა საზოგადოება განზრახ შეიყვანა შეცდომაში.

„რუსთავი 2“-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში საუბრობენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ახსენებს თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ხორავას ქუჩის“ საქმეზეა დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG