Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, "სუბელიანის ჩანაწერზე" დაკითხვები გრძელდება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის გამო, პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. წულუკიანის ინფორმაციით, გამოკითხვები გუშინაც მიმდინარეობდა.

„როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი, თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში, არის თუ არა ავთენტური, ამის თაობაზე როგორც გუშინ ნახეთ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული“ - უთხრა ჟურნალისტებს წულუკიანმა. მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, თეა წულუკიანის განმარტებით, ზოგადად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით შედიან და ნახულობენ მათთვის სასურველ პატიმრებს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელი შევუშალოთ ამ ვიზიტებს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

„რუსთავი 2“-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების საკანში საუბრობენ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. „რუსთავი 2“-ის ინფორმაცით, ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ახსენებს თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი „ხორავას ქუჩის“ საქმეზეა დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG