„რა უნდა გამოიძიოთ, ივანიშვილი საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს? რომელი საქმე გამოგიძიებიათ და გითქვამთ, ბოდიში, შეგვეშალაო? მირზა სუბელიანი გაამწესეთ იქ [ციხეში] შეთანხმებით და რაღაც მოხდა ახლა თქვენ შორის და პირობები დაურღვიეთ, ეტყობა. ტყვეობაში აგიყვანათ მირზა სუბელიანმა ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეთ ამ ადამიანს და როდესაც, სამწუხაროდ, მისი შვილი და მისი ცოლის დისშვილი აღმოჩნდნენ ხორავას ქუჩის მკვლელობის მონაწილენი თქვენ ხელი ვერ მოჰკიდეთ მირზა სუბელიანს. თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ მკვლელების მფარველობაში“, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერის საკითხზე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლა მოითხოვეს.