Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანს პროკურატურის გამომძიებლები დაკითხავენ


მირზა სუბელიანი
მირზა სუბელიანი

დღეს გამომძიებლები სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში დაკითხავენ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მირზა სუბელიანს. მას დღეს ადვოკატებიც შეხვდებიან. სუბელიანის დაკითხვა ამჯერად, უკავშირდება „რუსთავი 2“-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში მირზა სუბელიანი ესაუბრება პარლამენტის დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცუხიშვილს. ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს, რომ თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებასთან გარიგებით, სასამართლომ უნდა შეუფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი მსჯავრი. ამასთან, სავარაუდოდ, სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ჯეროვნად ვერ ფასდება მისი ერთგულება და სავარაუდოდ, ჯაფარიძეს მიმართავს, რომ მთავრობას გარიგება შეახსენოს. ამავე ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ე.წ. გახმაურებული საქმეების გახსნაში მის მონაწილეობაზე და ახსენებს თავის დაზღვევის მიზნით გაკეთებულ ჩანაწერებს, რომელთა გამოქვეყნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაამთავრებს. სავარაუდოდ, სუბელიანი ასევე, ახსენებს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს და მის განკარგულებაში მყოფ "ავტომატჩიკებს."

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფარულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებით მის გავრცელებამდე, კერძოდ, 12 ოქტომბერს და გამოძიების საფუძველი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ-ს მიმართვა, რომ მას დაემუქრნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გამოქვეყნებით და შანტაჟის გზით აიძულეს ფარული ჩანაწერის გავრცელება. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ი.პ-ს ჩანაწერი და მუქარა გადასცა მისთვის უცნობმა პირმა. კაციტაძის თქმით, გამოძიების საგანია ვინ იწერდა, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში იყო ჩანაწერის გავრცელება. პროკურატურის განცხადებით, „დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.“ 15 ოქტომბერს პროკურატურაში დაკითხეს პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ, პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG