საქართველოს სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შესწავლის საგანი არაერთხელ გამხდარა შემთხვევები, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლები არ აძლევდნენ კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გაშლის საშუალებას მაშინ, როცა ეს აქციები მიმდინარეობდა ფართო ტროტუარზე, ხელს არ უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, არ კეტავდა შენობის შესასვლელს და არც დაწესებულების საქმიანობას აფერხებდა და სრულად იყო დაცული შეკრების თავისუფლებით.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება და მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ წერილში მითითება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, როგორც ამ უფლების შეზღუდვის საფუძველზე. ეს მუხლი ეხება გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების სფეროში. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სადავო ნორმის იმ განმარტების კონსტიტუციურობა, რომელიც მას მისცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.