Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია მოითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ეს მუხლებია ადმინისტრაციული პატიმრობა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე; მტკიცებულებანი; მტკიცებულებათა შეფასება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევი გარემოებანი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება;

საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმფციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. როგორც საია-ში განმარტავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას.

XS
SM
MD
LG