Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეროვნული ერთობის“ ლიდერს 13 ადვოკატი იცავს


„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს გიორგი ჭელიძეს, რომელიც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული, 13 ადვოკატი ჰყავს. უკვე რამდენიმე საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეს შესაბამისი ორდერები წარუდგინეს. ამასთან, მოსამართლე დაინტერესდა არის თუ არა თანახმა ბრალდებული, რომ მისი ინტერესები 13-ვე ადვოკატმა დაიცვას, რაზეც ჭელიძემ თანხმობა განაცხადა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პროკურორების აცილების მოთხოვნაზე. პროკურორების აცილების შუამდგომლობა თავად ჭელიძემ დააყენა და განმარტა, რომ პროკურორები მას კომუნიკაციის უფლებას უკანონოდ უზღუდავენ. გიორგი ჭელიძემ აღნიშნა, რომ პატიმრობაში ყოფნიდან 21 დღის შემდეგ, მას სურდა დედასთან სატელეფონო ზარის განხორციელება, რის უფლებასაც მას კანონი აძლევდა, თუმცა პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე, მას ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

"საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 31 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG