Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ტერაქტი აღკვეთეს


გერმანიის უსაფრთხოების ძალებმა აღკვეთეს მასშტაბური ტერაქტი, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ გეგმავდა. გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტერაქტის აღსაკვეთად ოპერაცია წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. თავდასხმის მიზნით გერმანიაში უნდა ჩასულიყო სამი ჯგუფი და მათი სავარაუდო სამიზნე იყო ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალი. გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის განცხადებით, სპეცსამსახურებმა ტერორისტული გეგმის არსებობა დროულად შეიტყვეს და სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2016 წელს აღიძრა. პროკურორის ინფორმაციით, მოპოვებული მონაცემები კონკრეტული და საიმედო იყო. მთავარი როლი უნდა ეთამაშა ცოლ-ქმარს, რომლებიც გერმანიიდან სირიაში 2015 წელს გაემგზავრნენ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, გერმანელი ქალი, რომელმაც ისლამი მიიღო სირიიდან ცდილობდა გერმანიაში მოეძებნა ქალები, რომლებიც ცოლად გაყვებოდნენ პოტენციურ ტერორსიტებს და გზას გაუხსნიდნენ გერმანიაში ჩასასვლელად. ერთ-ერთი ქალი, რომელსაც სირიიდან ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა და სწორედ მისგან გახდა ცნობილი სავარაუდო ტერორისტული გეგმის შესახებ. გაზეთი "ცაიტი" წერს, რომ გერმანელი ცოლ-ქმარი სირიის ჩრდილოეთში, ადგილობრივ ქურთებს ჰყავთ დაპატიმრებული. გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, რომელიც აბუ მუსაბ ალ-ალმანის სახელითაა ცნობილი. ამჟამად გერმანიის პროკურატურა რამდენიმე ეჭვმიტანილს ეძებს.

XS
SM
MD
LG