Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ბიზნესმენის შვილია


ოფიციალურ ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ ათ პირს, რომლებიც პოლიციამ დააკავა მძევლის აყვანისთვის. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს, ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის ვაჟია. მისი გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ გ.დ-ს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.“ შსს-ს ინფორმაციით, მას მიმართა გატაცებულის მამამ, რომელსაც გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოთხოვეს და ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული და გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ჯგუფის წევრებს ემუქრება 9-დან 14 წლამდე პატიმრობა.

XS
SM
MD
LG