საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გამოავლინა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ცნობებს გასცემდა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კანონდამრღვევი ცენტრები თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებშია გამოვლენილი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.