Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს მისია მიავლინოს ლუგარის ლაბორატორიაში


დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაწყვიტა ოფიციალურად მიმართოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და თხოვოს შექმნა ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც თბილისში, ადგილზე შეისწავლის „ლუგარის ლაბორატორიის“ საქმიანობას. დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას. მინისტრის განცხადებით: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური. მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითრებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.“ დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტროს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ 2013 წლიდან „ლუგარის ლაბორატორიას“ მართავს საქართველოს მთავრობა და არა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. დავით სერგეენკოს განცხადებით, რუსი სპეციალისტები არაერთხელ მიიწვიეს ლაბორატორიის დასათვალიერებლად, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, თუმცა მიუხედავად ამისა, თემის ესკალაცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG