Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გაზრდა სურს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი აპირებს დატოვოს მოსკოვთან ხელმოწერილი შეთანხმება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ტრამპის შეფასებით, რუსეთი დიდი ხანია შეთანხმებას არღვევს, ამიტომ აშშ-ს ხელშეკრულებაზე უარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა ეთქვა. ამასთან, დონალდ ტრამპი მზად არის გააძლიეროს აშშ-ის ბირთვული პოტენციალი. „ამერიკა გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს, სანამ რუსეთი, ჩინეთი, ან მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყანა არ მიხვდება, რომ შეუძლებელია დაუსჯელად ემუქრებოდნენ ჩვენი, ან ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ტრამპმა. მან რუსეთის და ჩინეთის მოქმედებებს უწოდა მზარდი საფრთხე. „თუ ხალხი გონს არ მოეგება, ბირთვულ არსენალს გავზრდით. ჩვენ უფრო მეტი ფული გვაქვს, ვიდრე ვინმე სხვას“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა პირველად გასულ კვირაში განაცხადა, რომ ვაშინგტონი დატოვებს მოსკოვთან 31 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას. საშუალო და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას 1987 წელს მოაწერეს ხელი აშშ-ის და საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ლიდერებმა, რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა. ვაშინგტონი მოსკოვს ადანაშაულებს საშუალო რადიუსის ახალი ბირთვული რაკეტის შექმნაში, რაც არღვევს1987 წლის შეთანხმებას. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის და მოსკოვს აიძულებს გადადგას ნაბიჯები ძალთა ბალანსის აღსადგენად.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, რომელიც 22 ოქტომბერს მოსკოვში შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ ვაშინგტონი რუსეთის დაშანტაჟების მიზნით იმუქრება 1987 წლის შეთანხმების გაუქმებით.

XS
SM
MD
LG