არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სამოქალაქო სექტორზე შეტევის გაგრძელებად შეაფასა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა კოპენჰაგენში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე.
„იმის მაგივრად, რომ პასუხი გასცეს ბრალდებებს, რომელიც სავარაუდო კორუფციასთან და კონკრეტული ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობს, პირად თავდასხმებზე გადმოდის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევებს აგრძელებს“ - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ეკა გიგაურმა. მისი თქმით, მაშინ, როცა არასამთავრობო სექტორი ითხოვდა რეფორმებს ანტიკორუფციული მიმართულებით, თეა წულუკიანმა ამას მხარი არ დაუჭირა, ისევე, როგორც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის ინიციატივას, რომლის საჭიროებაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა. „ამის სანაცვლოდ იმეორებს დაუსაბუთებელ ბრალდებებს და ფაქტობრივად ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითიც პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წარმოაჩენს არასერიოზულად, და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა” - განაცხადა გიგაურმა.
22 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, ანტიკორუფციულ კონფერენციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანმა ისაუბრა ელიტური კორუფციის შესახებ და არასამთავრობო სექტორის პოზიციაზე, რომ საქართველოში ღია მმართველობის პროცესმა კრახი განიცადა, არ განხორციელდა ანტიკორუფციული რეფორმები და ნათლად ჩანს მაღალი დონის კორუფცია და დემოკრატიის პრობლემები, მმართველი პარტია კი თავს ესხმის და პოლიტიკურად მიკერძოებულს და ფაშისტებს უწოდებს არასამთავრობო სექტორს, რომელიც ამ პრობლემებზე ღიად საუბრობს. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალი და მრავალფეროვანია და არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება ორ საათშია შესაძლებელი ყოველგვარი ბარიერების გარეშე.
„სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვხდებით მოწმეები, როდესაც ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი სამოქალაქო საზოგადოების სახელით საუბრობს, რისთვისაც მას ხშირად აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგები, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების საქმე. არასამთავრობოების შიდა დაპირისპირებების განხილვის ადგილი აქ არ არის. ის, რომ ბატონი ონიანი აქ იმყოფება, სწორედაც ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია და ნიშნავს, რომ ისინი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არიან თავისუფალნი და აქტიურნი, არამედ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდნენ და დანიაშიც კი მისწვდნენ საკუთარ იუსტიციის მინისტრს“ - განაცხადა წულუკიანმა. მისივე თქმით,„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სავარაუდოდ, მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში. თეა წულუკიანის განცხადებით, ეს საქმე ამჟამად განიხილება საქართველოს სასამართლოში, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ მისულა პასუხების გასაცემად. იუსტიციის მინისტრის თქმით, საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, რასაც ერთი პირის გარდაცვალება და ბევრი მოქალაქის დაშავება მოჰყვა. თეა წულუკიანის გამოსვლის ტექსტი იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.