23 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის მონაწილეობით სავაჭრო საკითხებზე გამართულ მინისტერიალს და შეთანხმდნენ სრულად აამოქმედონ ეს ფორმატი, მათ შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის გზით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებულ პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა.
საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის ნაწილი რუსეთ-საქართველოს ომს ეთმობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ბოლოდროინდელ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.