დღეს სომხეთის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში დანიშნულია კენჭისყრის პირველი ტური პრემიერ-მინისტრის ასარჩევად. ფრაქცია „ელკის“ მიერ წარდგენილია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელება ფორმალურია, რადგან ფაშინიანი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრი არ აირჩიოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერ-მინისტრის არჩევას. პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფაშინიანის წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯია, რათა უზრუნველყონ ფორმალური პროცედურა.
სომხეთის პარლამენტში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერ-მინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა და ამ გზით სურს მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ფაშინიანის გადადგომამდე მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.