Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს მოუწოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები დაიცვან. სახალხო დამცველის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას.“ სახალხო დამცველი ხელისუფლებას შეახსენებს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფოებს უწესებენ გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ამ ვალდებულებების მიუხედავად, „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ადარებდნენ ფაშისტურ ორგანიზაციებს, მიმდინარეობდა აქტიური და ორგანიზებული კამპანია სოციალურ მედიაში და საჯაროდ მითითება თითქოსდა მათ დანაშაულებრივ ფაქტებთან კავშირებზე.“ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესს. ნინო ლომჯარია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუხლჩაუხრელად მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად და მოუწოდებს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.

XS
SM
MD
LG