Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უპასუხოს საზოგადოების შეკითხვებს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების კოორდინირებული შეტევა საქართველოში დემოკრატიას აზიანებს და ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, - აღნიშნულია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, თავდასხმა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურზე განახორციელა, კონკრეტულ მიზანს ისახავდა. კერძოდ, განცხადების მიხედვით, მას საერთაშორისო ტრიბუნიდან უნდოდა იმის ჩვენება, თითქოს ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის ჩავარდნა და ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის არსებობა, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წუხილია და არა ზოგადად არასამთავრობო სექტორისა.

”მინისტრმა წულუკიანმა გაიმეორა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ, 2015 წელს, გამოთქმული ცრუ ბრალდებები ეკა გიგაურის მიმართ, რომ იგი თითქოსდა მონაწილეობდა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში. აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდებები იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თავდასხმას მოჰყვა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წარსულის შესწავლას გეგმავდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელზე, ეკა გიგაურზე თეა წულუკიანის თავდასხმას წინ უძღოდა ბოლო დროს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიზანმიმართული შეტევა არასამთავრობო სექტორზე, რასაც 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებაც დაემატა. მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის აქტივი“ უწოდა.

”იმ პირობებში, როცა არც გუშინდელი ინტერვიუ და არც მანამდე, სახელისუფლებლო გუნდის წარმომადგენლების გამოსვლები დასაბუთებულ პასუხს არ სცემს საზოგადოებაში არსებულ კრიტიკულ კითხვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით მტრის ხატის ხელოვნურად შექმნა, მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო კონტექსტი და სწორედ ამ დროს სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც მათი საქმიანობის და შეფასებების დელეგიტიმაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე თავდასხმისა, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხოს და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG