Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კავკასია" უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილთან "გაუგებარი ფორმატის" შეხვედრაში მონაწილეობაზე


ტელეკომპანია “კავკასიისთვის" გაუგებარია რამდენიმე მედიასაშუალებასთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფორმატი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პიარსამსახურმა შესთავაზა.

„თუ ეს შეხვედრა არის პრესკონფერენცია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის შეზღუდული მასზე დასწრება სხვა მედიასაშუალებებისთვის, გარდა ხუთი ტელეკომპანიისა. თუ ეს არის რამდენიმე ტელეკომპანიის თოქშოუების წამყვანების ერთობლივი კომბინირებული გადაცემა, როგორც ეს იყო 23 ოქტომბერს, ეს ფორმატი ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია. ვისთან ერთად სურთ ჩვენს წამყვანებს დაჯგუფება და გადაცემის წაყვანა ეს მათი გადასაწყვეტია და არა ბიძინა ივანიშვილის და მისი პიარსამსახურის. ასეთ ფორმატში იკარგება ინტერვიუს არსი, კითხვების თანმიმდევრობა, ლოგიკურობა და შესაბამისად აზრს კარგავს კითხვის დასმა. მოხარული ვიქნებით, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პიარსამსახური უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება დასახულ ამოცანებს, საკუთარ დამსაქმებელს, ქართულ მედიას და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, აპრობირებულ ფორმატებს შემოგვთავაზებს თანამშრომლობისთვის, რათა აზრი არ დაეკარგოს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და რესპონდენტთან ურთიერთობა არ იქცეს არსს მოკლებულ გამაღიზიანებელ სანახაობად“ - ნათქვამია „კავკასიის“ განცხადებაში. ტელეკომპანია უარს ამბობს გაუგებარი ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე და ამასთან, მზად არის დაესწროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პრესკონფერენციას სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, რომლებსაც არაერთი შეკითხვა აქვთ. „კავკასია“ ასევე, მზად არის ერთი-ერთზე, კონკრეტულად ტელეარხითვის განკუთვნილი ინტერვიუს ფორმატში შეხვდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.

24 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი „ტექნო პარკში“ უპასუხებს ტელეკომპანიების: “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ის, “კავკასიისა” და “იბერია TV”-ის შეკითხვებს. მიწვეულია „რუსთავი 2“-იც. მმართველი პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, „ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედიასტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ შეფასდა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა, სწორედ ამიტომ პარტიის თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისმიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება."

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „TV პირველს“ ინტერვიუ 23 ოქტომბერს მისცა.

XS
SM
MD
LG