ნატომ დაიწყო ცივი ომის დასრულების შემდეგ უდიდესი სამხედრო წვრთნები, „ერთობლივი სამკაპი“. წვრთნები იმართება ნორვეგიაში და თავს უყრის 50 ათასამდე ჯარისკაცს, 300-ზე მეტ თვითმფრინავსა და ხომალდს, ისევე როგორც 10 ათასზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას. ნატო დაამუშავებს ერთ-ერთ წევრზე „გამოგონილი აგრესორის“ თავდასხმის მოგერიებას. ნატოს განმარტებით, მანევრების მიზნებს შორის არის იმის შემოწმება, მზად არის თუ არა სამხედრო ალიანსი ახალი ტიპის საფრთხეებზე, მათ შორის „ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის დახვეწილ ტექნიკებზე“ საპასუხოდ. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება: 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14-დან 23 ნოემბრამდე. სცენარი ითვალისწინებს პირობითი მოწინააღმდეგის ძალიან სწრაფად შეჭრას ნორვეგიის სანაპიროზე. მანევრების გეოგრაფია მოიცავს ატლანტის ოკეანისა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ რაიონებს ისლანდიის ჩათვლით, აგრეთვე ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაწყების შემდეგ, ნატომ მნიშვნელოვნად გააფართოვა სამხედრო წვრთნების მასშტაბი. ბოლოს მანევრები „ერთობლივი სამკაპი“ ჩატარდა 2015 წელს, 36 ათასი სამხედრო პირის მონაწილობით. სწავლებაში უკრაინელებიც მონაწილეობდნენ.
ნატომ დაიწყო ცივი ომის შემდეგ უდიდესი სამხედრო წვრთნები