გორში მოკლული 8 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. ცხედარი სახლში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.
გორში, 8 წლის გოგონა 25 ოქტომბერს დღისით გაუჩინარდა. იმავე ღამით, ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე აღმოაჩინეს. თავდაპირველად ოჯახის ვერსია იყო, რომ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარესთან დატოვეს. ამასთან, გარდაცვლილის ბიძამ გვიან ღამით, ჟურნალისტებთან საუბრისას არც ის გამორიცხა, რომ მომხდარი უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, რათა ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს.
დღეს დილით, ბავშვის ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაზუსტებით ჯერ არაფერი იციან, თუმცა არსებობს კონკრეტული ვერსიები და იმედი აქვთ, რომ დამნაშავეს იპოვნიან. ოჯახი საქმის უსწრაფესად გამოძიებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერიაშვილის თქმით, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საქმეს იძიებს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.