საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასრულდა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან.
„გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შევეხეთ ყველა იმ თემას, რომელიც აქტუალურია და ვისაუბრეთ იმ გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე, რომლებთანაც საქართველოს უწევს გამკლავება“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ამ გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის გარეშე.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს აშშ-ის მკაფიო და სერიოზული მხარდაჭერა. „საკითხი მუდმივად დგას აშშ-ის პოლიტიკის დღის წესრიგში და არის მათი ორმხრივი დიალოგის საგანი რუსეთის ფედერაციასთან. ბუნებრივია, ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა იმ სამშვიდობო ინიციატივებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტორების მეტი ჩართულობა“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა. მისი ინფორმაციით, ჯონ ბოლტონთან ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხზეც. მინისტრის თქმით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით სერიოზული მუშაობა უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.