Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მრავალეროვანი საქართველო": უბნებზე აგიტაციის ფაქტები დაფიქსირდა


ალექსანდრა კალატოზიშვილი
ალექსანდრა კალატოზიშვილი

არჩევნების მედიაცენტრში მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ სიახლეები გააცნო მედიას.

აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქის 42-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხარდამჭერი აქტივისტები. "დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრეს, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი", -განაცხადა კალატოზიშვილმა.

ასევე მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, 59-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. უბანზე მისულ პირს ეცვა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ამ პირსაც დაატოვებინეს უბანი.

დილის 11 საათისთვის ორგანიზაციამ მხოლოდ 1 საჩივარი დაწერა, რომელიც უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "მრავალეროვანი საქართველოს" კოორდინატორებისა და დამკვირვებლების უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტს, ნინოწმინდის საარჩევნო უბანზე.

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნის ორი ფაქტი, კომისიის წევრთა შორის უფლებამოსილების გადანაწილების პროცედურის დარღვევის ოთხი შემთხვევა, მარკირების წესის დარღვევის ერთი შემთხვევა, დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვის ორი შემთხვევა, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის ერთი ფაქტი და სხვა დარღვევები. "მრავალეროვანი საქართველო" 190 დამკვირვებლით 16 ოლქშია წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG