Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: 2013 წელს 62%-იანი შედეგი დავდეთ


გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ხუთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნებისგან" მხოლოდ კრიტიკა ესმოდა
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ხუთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნებისგან" მხოლოდ კრიტიკა ესმოდა

ჰიპოტეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, რეალური წარსული, როცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და დღეს დახარჯული თანხის ნახევარი ფინანსური რესურსით, როცა არც ერთი გამგეობა თუ რაიონული სტრუქტურა არ გვეკუთვნოდა, 2013 წელს 62 %-იანი შედეგი დავდეთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რას შეცვლიდა გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში?

„ეს არის ფაქტობრივი პასუხი. დანარჩენი ჰიპოტეტურია“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა წაიკითხოს ის გზავნილები, რაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უთხრა მას საზოგადოებამ. „ხუთი წელიწადი ამას ვაკეთებდი, რომ ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ვეუბნებოდი იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, ამას ვეუბნებოდი. თუმცა ხუთი წლის განმავლობაში მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც არჩევნების პროცესის შეჯამებას შეეხებოდა. პრეზიდენტის შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა არა თუ მომავალში, უკვე მეორე ტურშია გამოსასწორებელი ის ხარვეზები, რომლებიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში აისახა. პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ არჩევნებმა აქტიურ, კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა არჩევნების მეორე ტურშიც.

XS
SM
MD
LG