„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კვლევითი ცენტრის, „ფსიქოპროექტის“ ეგზიტპოლი,რომელიც კომპანიას "ქართულმა ოცნებამ" დაუკვეთა და რომლის შედეგებიც საზოგადოებას „ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გააცნო, ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღებას წარმოადგენდა, რაც დასჯადი ქმედებაა:
”ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.“-აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში. . „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ უკანონო შემოწირულობის მიღებად განიხილავს პარტიის მიერ მობილიზებული კოორდინატორების დაფინანსებასაც:
„არჩევნების დღეს გამოიკვეთა საარჩევნო უბნების გარეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების მაღალი კონცენტრაცია. მათთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი „ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურების და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული,ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები „ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც, ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს“-აღნიშნულია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მათზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.