ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი დებულების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში მითითებულია, რომ დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. განმარტების თანახმად, კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით და ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად ჩათვალა პროექტის ახალი ვერსიის გასაცნობად და შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საფინანსო ორგანიზაციებისთვის რამდენიმე დღე მიეცა. ეროვნულმა ბანკმა ამ გარემოებით ახსნა გადაწყვეტილება, დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით, არაუგვიანეს 15 ნოემბრამდე გადაწევის შესახებ.
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების ამოქმედება 1 ნოემბერს იგეგმებოდა. არსებული პროექტის თანახმად, ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება, იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში აქვს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და სხვა. ამას გარდა მაქსიმუმ 15 წლიანი ლიმიტი წესდება იპოთეკაზე, მაქსიმუმ 6 წლიანი ხდება ავტოსესხი და ა.შ.
პირველ ეტაპზე რეგულაციები მხოლოდ ბანკებზე გავრცელდება.