Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 25 ადამიანი დაიღუპა არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


ავღანეთში ავარია განიცადა არმიის ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი რანგის ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი 25-ვე ადამიანი. კატასტროფა მოხდა დასავლეთ ავღანეთის პროვინცია ფარაჰში. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, ვერტმფრენი ჩამოვარდა მალევე მას შემდეგ, რაც 31 ოქტომბრის დილას უამინდობის მიუხედავად აფრინდა მთიან რეგიონში. ის მეზობელი ჰერათის პროვინციისაკენ მიეშურებოდა. თალიბანის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ვერტმფრენი ექსტრემისტებმა ჩამოაგდეს. ავღანეთიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ქვეყნის უდიდეს ციხესთან ქაბულის აღმოსავლეთ გარეუბანში. დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი, მათ შორის ციხის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა მიმართული იყო ავტობუსის წინააღმდეგ, რომელშიც ციხის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

XS
SM
MD
LG