პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ ურჩია შეეგუოს დამარცხებას, რადგან ეს იყო ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილება.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ უმრავლესობამ უნდა დაგმოს განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება: „ნუ ეთამაშებით სიტყვებს, სიტყვა ყოველთვის იძენს ძალას. ამ სიტყვების ავტორი პირი უნდა გაემიჯნოს ამ მოწოდებას. დღესვე უნდა დაგმოთ ეს განცხადებები და „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ უნდა განაცხადოს, რომ დარჩენილ 1 წელიწადში ის უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
„არჩევნებში მონაწილეობდა 1 მილიონ 600 ათასი ამომრჩეველი. ერთმა მილიონმა ამომრჩეველმა გაქციათ ზურგი. სხვაობაა ოთხასი ათასი ხმა და ნაწილმა მეორე ტურში თქვენც რომ დაგიჭიროთ მხარი, შეუძლებელია ამ ჩამორჩენის ამოქაჩვა“,-აღნიშნა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი შეფასებით, 6 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 9 წელში აშენებული დაანგრია და უსამართლო, ძალადობრივი, სისხლიანი, სიღარიბის მომტანი რეჟიმი შექმნა. „აი ეს გითხრათ ამორმჩეველმა თქვენ არჩევნებში-“ აღნიშნა რომან გოცირიძემ.