რუსეთის ქალაქ არხანგელსკში ფსბ-ს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) შენობაში აფეთქების გამო დაწყებულია გამოძიება ტერაქტის მუხლით. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაიღუპა 17 წლის ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც შენობაში შეიტანა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტვიტერში გამოაქვეყნა ეჭვმიტანილის ფოტო. რუსეთის მედიასაშუალებების თანახმად, დადგენილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა - მიხაილ ჟლობიცკი, პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც ანარქისტულ იდეებს იზიარებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. უფრო ადრე ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ფსბ-ს შენობაში ოთხშაბათ დილას შესული მამაკაცი დაიღუპა ჩანთიდან ამოღებული დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად. დაიჭრა ფსბ-ს სამი თანამშრომელი. არხანგელსკში აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტში „ტელეგრამის“ მოხმარებელმა „ვალერიან პანოვმა“ დაწერა ასაფეთქებელი მოწყობილობისა და იმის შესახებ, რომ „ფსბ აყალბებს საქმეებს და აწამებს ადამიანებს“.
ყველაზე პოპულარული
1