Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ახალქალაქში დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მიუღებელი უწოდა ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების გამო საგამოძიებო ორგანოსთან ულტიმატუმებით საუბარს და 24, თუ 48 საათიანი ვადების დაწესებას. მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ და ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რასაც სჭირდება დრო და შესაბამისი პროცედურების დაცვა.

„მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს, თუმცა მიუხედავად ამისა, დავუცდით. როცა სურვილი ექნებათ მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, სამინისტრო იმოქმედებს ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მოქმედებდა და პასუხისგებაში მისცა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების 15 წარმომადგენელი

გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქში მისი აქტივისტების ცემაში ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრს, ენზელ მკოიანს. ის თავის მხრივ, პროვოკაციაში სდებს ბრალს „ნაციონალური მოძრაობის წევრებს.“

„ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. გამოიკითხებიან ეს პირები, თუმცა, მხოლოდ გამოკითხვებს არ ველოდებით, მათზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე. ბუნებრივია, მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

XS
SM
MD
LG