Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმირალმა ჯეიმს ფოგომ „არანორმალური“ უწოდა რუსეთის საპასუხო მანევრებს ნორვეგიის მახლობლად


მოსკოვმა ანტირუსული უწოდა ნატოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „ტრაიდენტ ჯანკჩერ 2018“-ს და განაცხადა, რომ ალიანსის პასუხად 1-3 ნოემბერს რუსეთი საზღვაო მანევრებს წამოიწყებს ნორვეგიის მახლობლად, ნეიტრალურ ტერიტორიულ წყლებში. რუსეთის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ასევე ჩატარდება რაკეტების გასროლა იმ არეალში, სადაც ნატოს სწავლებები იმართება.

საერთაშორისო წყლებში სარაკეტო სროლის ჩატარებას „არანორმალური“ უწოდა ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს ფოგომ, ნეაპოლში განლაგებული ალიანსის ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა. ადმირალმა ფოგომ 31 ოქტომბერს ტელეფონის საშუალებით უპასუხა საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს და განაცხადა, რომ ნატოს სარდლობა ყურადღებით დააკვირდება რუსეთის მოქმედებას.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ შექმნილ ვითარებას. ნატოს გენერალური მდივანი სრულად იზიარებს ჩემს შეხედულებას, რომ თუ რუსეთს სურს ამ არეალის გამოყენება ძალთა გარკვეული დემონსტრირებისათვის, მაშინ ეს უნდა მოხდეს პროფესიონალურად და სამშვიდობო მიზნით“, - განაცხადა ადმირალმა ფოგომ.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სწავლება „ტრაიდენტ ჯანკჩერ 2018“ ნატოსა და რუსეთს შორის ახალი დაძაბულობის თემა გახდა. სწავლების სცენარით, ნატოს წევრი ქვეყანა, კერძოდ „პირობითი მოწინააღმდეგის“ თავდასხმის ობიექტი ხდება. პასუხად ალიანსი იწყებს ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ნორვეგიის დასაცავად და მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად. „ტრაიდენტ ჯანკჩერში“ ნატოს 29-ვე წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა, ფინეთი და შვედეთი, მონაწილეობენ. თავდაცვითი ხასიათის მანევრებში ჩაბმულია 65 გემი, 250 საფრენი აპარატი, 10 ათასი საბრძოლო მანქანა და 50 ათასი სამხედრო პირი. ნატოს მანევრები 25 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბრამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG