თალიბანმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო საპატიმრო გუანტანამოს ხუთი ყოფილი ტუსაღი იქნება მისი წარმომადგენელი ავღანეთის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. თალიბანის თანახმად, ხუთი მეამბოხე, რომლებმაც ათ წელიწადზე მეტი გაატარეს გუანტანამოში, მისი პოლიტიკური ოფისის წევრები გახდნენ კატარში. თალიბანის ყოფილი მეთაურები მოჰამად ფაზლი, მოჰამად ნაბი, ხაირულა ხაირხვა, აბდულ ჰაყ უასიყი და ნურულა ნური კატარში დაფუძნდნენ 2014 წელს კუბაში არსებული გუანტამოს საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ, მაგრამ დღემდე პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილან. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 31 ოქტომბერს. ხუთი თალიბი გუანტანამოს საპატიმროდან აშშ-ის არმიის სერჟანტის, ბოუ ბერგდალის განთავისუფლების სანაცვლოდ გაუშვეს. ბერგდალი თალიბანს ჰყავდა დატყვევებული. თალიბანის მიერ ეს ინფორმაცია გავრცელდა თავშეყრის წინ, რომლის მონაწილეთა მიზანია ავღანეთში 17 წლიანი ომის დასრულება. კატარი თალიბანსა და აშშ-ის მთავრობას შორის შეხვედრების ადგილია. ავღანეთში აშშ-ის ახლახან დანიშნული საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი და თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ოქტომბრის თვეში კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბანს აქვს პოლიტიკური ოფისი, რომელიც დე ფაქტო საელჩოს მოვალეობას ასრულებს. ისინი წელს, უფრო ადრე შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის პირველ თანაშემწეს, ელის უელსს.
სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თალიბანის წარმომადგენლები გუანტანამოს ყოფილი ტუსაღები იქნებიან

ყველაზე პოპულარული
1