Accessibility links

site logo site logo

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ


ტყიბულის მერიასთან აქცია გამართეს მეშახტეებმა, რომლებიც სამუშაო პროცესის განახლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, შახტის მმართველი კომპანიის „საქნახშირის“ ხელმძღვანელებმა აცნობეს, რომ საწარმოო პროცესის შეწყვეტის გამო ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. მეშახტეებმა მთავრობას მიმართეს, უსაფრთხო უბნებზე მისცეს მუშაობის განახლების უფლება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბერში განახლდება. ქობულიას ინფორმაციით, ამჟამად ვითარებას აფასებს საერთაშორისო კომპანია. „მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტყიბულის შახტებში სამუშაო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG