Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს


3 ნოემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვახტანგ მრელაშვილმა რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

გამოძიების თანახმად, მათ გარკვეული ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღეს 21 500 აშშ დოლარი. პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეშია როგორც მოწმეთა ჩვენებები, პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე აუდიოჩანაწერი, გამოთხოვილი ინფორმაციები, ქვითრები, რომლებიც ადასტურებს, მაგალითად, თანხის ჩარიცხვებს.

„წარმოდგენილია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და ასევე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა. ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეთა დაკითხვა, ასევე, სხვადასხვა საგამოძიებო ექსპერიმენტები“, - განაცხადა პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა.

განსასჯელების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ლაშა გოგიასა და გია გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება და აპირებენ მის გასაჩივრებას.

XS
SM
MD
LG