ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2 ნოემბრის განცხადების თაობაზე, რომელიც მან საპატრიარქოში, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს შეახსენებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მასშტაბებს. ხოლო სეკულარიზმის პრინციპისა და საჯარო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად:
„მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გაჟღერებული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვის ბერკეტს ნარკოპოლიტიკის საკითხში.“
4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის.
2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში სასულიერო პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გაიწვევს კანონპროექტს სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ.