Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-მ მიაწოდა.

გავრცელებულ ფოტომასალებში ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის და სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიმოწერა სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა მამაკაცს პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული. შსს-ს განცხადებით, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

სოციალურ ქსელში მიმოწერის ფოტომასალა 4 ნოემბერს გავრცელდა. ფოტოს გავრცელების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ სცადა ამ პირთან დაკავშირება, თუმცა, მისთვის სოციალურ ქსელში მიწერილი გზავნილის შემდეგ, ჯერ მისი ფეისბუქ პროფილის ფოტო შეიცვალა, რამდენიმე წუთში კი სოციალური ქსელიდან სრულად წაიშალა მისი პირადი გვერდი.

XS
SM
MD
LG