ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ვიდეომიმართვა იყო გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა.
„მან განაცხადა, რომ არ ისაუბრებდა 9 წელზე, მაგრამ სინამდვილეში, საუბრობდა მხოლოდ 9 წელზე და წარსულზე. მათ განაცხადეს, რომ გაიგეს ხალხის წუხილი, თუმცა სინამდვილეში კვლავ, ამჯერად უკვე ხალხის ფულით აპირებს ხალხის მოსყიდვას, ბიუჯეტის ფულით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ხალხის მოთხოვნაა სარალიძის მკვლელების და მათი მფარველი მაღალჩინოსნების დასჯა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული გათავხედებული ჩონოვნიკების, არაფორმალური წარმონაქმნების და ფარცხალაძის მსგავსი ბიზნესსუბიექტების ალაგმვა. უგულავას შეფასებით, ამ ფონზე საზოგადოებამ მოისმინა უტიფარი განცხადება, რომ თურმე „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა ყოფილა კოჰაბიტაცია პოლიტიკურ ოპონენტებთან, ანუ ის, რომ ოპოზიციას კიდევ უფრო არ გაუსწორდნენ და არ ამოძირკვეს.
უგულავამ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მიმართა, ძალადობის გარეშე ჩაატარონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, შეეგუონ შედეგს რომელიც დადგება და ახლავე დაიწყონ მზადება, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, რათა ქვეყანამ მიიღოს მოსახლეობის ჩიხიდან და ჭაობიდან გამომყვანი, პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება.