Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი 2012 წლის ამნისტიამ შეუმცირა


იაგო ნებიერიძეს არასრულწლოვნის გატაცებასთან დაკავშირებული წინა პატიმრობის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდა სწორედ ამნისტიის შედეგად.
იაგო ნებიერიძეს არასრულწლოვნის გატაცებასთან დაკავშირებული წინა პატიმრობის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდა სწორედ ამნისტიის შედეგად.

ახლა თქვენ თვითონვე დასდევთ მათ, ვინც ციხიდან გამოუშვით, რომ უკან დააბრუნოთ, - მიმართა ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომლის აზრითაც, 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტია ყოვლად გაუაზრებელი ნაბიჯი იყო. ოპოზიციის მწვავე კრიტიკა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 8 წლის გორელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს არასრულწლოვნის გატაცებასთან დაკავშირებული წინა პატიმრობის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდა სწორედ ამნისტიის შედეგად.

„ბესელიას, ფოფხაძისა და კვაჭანტირაძის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად, თავისუფლებაზე გამოუშვით რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი და გევორქიანი, ასევე - მუხროვნის მეამბოხეები და ისეთი სადისტები (გვარისა და სახელის დასახელებაც არ მინდა), რომელმაც 8 წლის ბავშვს სიცოცხლე სადისტურად წაართვა გორში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ამნისტიის აქტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2012 წელს მიიღო, არ შეხებია ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს და მათ შორის, არც ნებიერიძეს.

„ამნისტია არ შეხებია ამ ადამიანს (იაგო ნებიერიძეს) იმ დანაშაულისთვის, იმ კონკრეტული მუხლის გათვალისწინებით, რომელიც მას მსჯავრად ჰქონდა დადებული, რადგან ესეც ძალადობრივი დანაშაული იყო. ყველა დანარჩენს, ამნისტია სასჯელის 1/3-ით ან 1/4-ის შემცირებით შეეხო იმიტომ, რომ ციხეებში იყო წამების, სასტიკი მოპყრობის მასობრივი შემთხვევები, იყო არასამართლიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, იაგო ნებიერიძე სასჯელის ნაწილში ინდივიდუალურად შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG