გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, აქციას მართავენ მოკლული 8 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გოგონას მამის, მიხეილ ბერიაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მოკლული გოგონას ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური.
ადვოკატის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც იგი თავად იღებდა და სწორედ ამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 8 წლის ბავშვის მისამართით.
"გავეცანი საქმის მასალებს. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულს ბრალად აქვს შერაცხული გარყვნილი ქმედება და საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 8 წლის ბავშვთან. არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეოს გამო შეერაცხა მას ეს ბრალად“, - განაცხადა მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობას ადასტურებს მოკლული ბავშვის მამაც, თუმცა მიხეილ ბერიაშვილის თქმით, მან ვერ შეძლო ამ მასალების ნახვა. მოკლული გოგონას ბაბუის ძმა, ხვიჩა ბერიაშვილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფებოდა, მოითხოვს, რომ ბრალდებული მათ გადასცენ. იგივე მოთხოვნა აქვთ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.