Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესის არჩევნების წინ ამერიკელები გააფრთხილეს რუსული დეზინფორმაციის საფრთხის შესახებ


6 ნოემბერს აშშ-ში გაიმართება კონგრესის შუალედური არჩევნები. ამერიკელებმა უნდა აირჩიონ წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ.

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შუალედური არჩევნების წინ განაცხადეს, რომ არ ფლობენ ელექტრონულ საარჩევნო სისტემებში უკანონოდ შეღწევის მცდელობათა დამადასტურებელ მონაცემებს, თუმცა, ამომრჩევლები ფრთხილად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების მცდელობების გამო. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ეროვნული დაზვერვის სამსახურის და შიდა უსაფრთხოების და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ საარჩევნო სისტემაში შეღწევას ცდილობენ კენჭისყრისთვის ხელისშეშლის, ხმების რაოდენობის შეცვლის, ან შედეგების დათვლაზე ზეგავლენის მიზნით. ამასთან, ამერიკული სპეცსამსახურები აღნიშნავენ, რომ საფრთხეს წარმოადგენს უცხოეთის ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობები პოლიტიკურ პროცესებსა და კანდიდატებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოახდინოს გავლენა ამერიკული საზოგადოების განწყობაზე და განხეთქილება გამოიწვიოს. სპეცსამსახურების განცხადებით, ამერიკელ ხალხს შეუძლია ეს მცდელობები აღკვეთოს მოსალოდნელი საფრთხის გააზრებით და გავრცელებული ცნობების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით.

2018 წლის ივლისში, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის 12 მოქალაქეს წაუყენა ოფიციალური ბრალდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ რუსები მონაწილეობდნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შტაბის კომპიუტერულ სისტემებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.

XS
SM
MD
LG