„გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ რომ რეაგირებს პროკურატურა და ეს მაინცდამაინც არჩევნების წინ ხდება, აძლიერებს ამომრჩევლების ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების პროცესი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა, კორნელი კაკაჩიამ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენების ფაქტის კომენტირებისას.
კორნელი კაკაჩიას ეეჭვება, რომ კანონის უზენაესობის დაგვიანებული დემონსტრირება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ შედეგს მოიტანს, რადგანაც ეს წინასაარჩევნო სასოწარკვეთილ მცდელობას ჰგავს. მითუმეტეს, რომ, კაკაჩიას თქმით, ოთარ ფარცხალაძეს ახლა მხოლოდ გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი და კვლავაც არ ჩანს რეაგირება ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ უფრო მძიმე დანაშაულების ჭრილში ფიგურირებს.