ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სიძულვილის ენა გამოიყენა 2018 წლის 4 ნოემბერს სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. კერძოდ სააკაშვილმა თქვა:
,,ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამითჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი...“.
საიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ბანგლადეშელი და ინდუსი ტურისტების მიმართ გამოიყენა სიტყვა ,,ჯღანი“, რასაც ქართულ ენაში უარყოფითი შინაარსი აქვს.
„სიტყვა „ჯღანის“ წარმოთქმის წინ სააკაშვილი იხდის ბოდიშს, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იგი აღნიშნულ სიტყვას სრულიად გააზრებულად, ნეგატიური შინაარსით იყენებს. ამგვარი განცხადება ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას და, საბოლოო ჯამში, ახდენს სიძულვილის კულტივირებას. ბანგლადეშელებისა და ინდუსების ,,ჯღანად“ მოხსენიებით მესამე პრეზიდენტის განცხადება გასცდა ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლეგიტიმური დისკუსიის ფარგლებს და აშკარად ქსენოფობიური ხასიათი შეიძინა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მქონე განცხადებების ტირაჟირებას ახორციელებენ.“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.