Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მმართველი კოალიცია მხარს არ უჭერს გენერალური პროკურორის გადადგომას


უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო
უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრმა ირინა გერაშჩენკომ განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია მხარს არ უჭერს გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომას. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, გერაშჩენკომ ეს განცხადება გააკეთა სამშაბათს პარლამენტში გამოსვლისას. მან პარლამენტოს თავმჯდომარეს მოუწოდა, კენჭისყრაზე გაიტანოს ლუცენკოს გადადგომის საკითხი, რათა „ყველამ ნახოს“, რამდენი ხმა იქნება კოალიციიდან. მანამდე გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ სამშაბათს პრეზიდენტს მიმართავს განცხადებით გადადგომის შესახებ. ლუცენკოს გადაწყვეტილება უკავშირდება აქტივისტ ეკატერინა ჰანძიუკზე გოგირდმჟავით თავდასხმას, რასაც 4 ნოემბერს მისი გარდაცვალება მოჰყვა. 6 ნოემბერს უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას, ლუცენკომ ინფორმაციის გაჟონვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა აქტივისტები და დეპუტატები, რომლებიც მოითხოვენ ჰანძიუკზე თავდასხმის დამკვეთების დასახელებას. ლუცენკოს თქმით, გამოძიებას აქვს ვერსიები დანაშაულის დამკვეთთან დაკავშირებით და „ეფექტიანად მოძრაობს საქმის ამ ნაწილის დასასრულებლად“. „იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ეჭვი, თითქოს ვინმე ძალაუფლებას ებღაუჭებოდეს, დღეს უკრაინის პრეზიდენტს მივმართავ გადადგომის შესახებ განცხადებით და თქვენ პარლამენტში უნდა განიხილოთ ეს საკითხი. გთხოვთ, ეს გააკეთოთ მიმდინარე კვირაში“, განაცხადა მან. 33 წლის ჰანძიუკს, რომელიც ცნობილი იყო პოლიციაში კორუფციის კრიტიკით, 31 ივლისს გოგირდმჟავა შეასხეს. აქტივისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანით დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ერთი სამართალდამცველი.

XS
SM
MD
LG