Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატოცთან ოკუპანტებმა ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები განაახლეს


ოსური მედიის ინფორმაციით ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ერთკილომეტრიანი ღობე აღმართეს და ეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად გააკეთეს.

სოფელი ბალთა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ესაზღვრება. ატოცის მცხოვრებლების თქმით, აქტიური მოძრაობა შეინიშნება ატოცის მოპირდაპირედ მდებარე სოფელ ბალთასთან, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

ატოცის მახლობლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს. ერთ მონაკვეთზე ასევე დამონტაჟებულია მავთულხლართებიც, ახლა კი ღობეების მონტაჟი მიმდინარეობს.

ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაადასტურეს. სუსი უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

XS
SM
MD
LG