Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის შემდეგ ნატომ წვრთნები დაიწყო პოლონეთსა და ბალტიისპირეთში


პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაიწყო ნატოს სწავლება, რომელშიც ალიანსის 10 წევრი სახელმწიფოს 17 500-მდე სამხედრო მონაწილეობს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნა „ანაკონდა“ ყველაზე ფართომასშტაბიანია იმ სწავლებებს შორის, რომლებშიც პოლონეთის არმიის სამხედროები მონაწილეობდნენ. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონებზე მიმდინარე წვრთნაში ჩართულია 12 500 ჯარისკაცი. ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში სწავლებაში მონაწილეობს ნატოს ქვეყნების კიდევ 5000-მდე სამხედრო. წვრთნები მოიცავს ბალტიის ზღვაზე სამხედრო მანევრებსაც. სწავლება 16 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი მიზანია ნატოს სახელმწიფოთა სამხედრო ქვედანაყოფების ურთიერთქმედების ეფექტიანობის გაზრდა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა. ახლახან პოლონეთმა აშშ-ს შესთავაზა ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა.

პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში წვრთნის დაწყებამდე, 7 ნოემბერს ნორვეგიაში დასრულდა ნატოს ორკვირიანი სამხედრო სწავლება, რომელშიც მონაწილეობდა ალიანსის წევრი ქვეყნების 50 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, 150 თვითმფრინავი და 60 გემი, მათ შორის ამერიკული ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი.“ ნატოს ინფორმაციით, ალიანსს მსგავსი მასშტაბის მანევრები 1991 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია.

XS
SM
MD
LG